თბილისის საკრებულოს სამი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიების თავმჯდომარეები ლევან ჟორჟოლიანი და ლევან არველაძე უძღვებოდნენ.
კომისიების წევრებმა დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილება განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინეს. მათი ინფორმაციით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 154,5 ათასი ლარით და 1 392 233,5 ათას ლარს შეადგენს.
ცვლილებების მიხედვით, იზრდება საქალაქო ტრანსპორტის სუბსიდია - 28 253,6 ათასი ლარით, სარეზერვო ფონდი - 3 120.0 ათასი ლარით. ცვლილება შეეხება დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონების გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებებს.
2022 წლის ბიუჯეტში ცვლილების გარდა, სამი კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.
ცვლილება შედის „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №39-18 დადგენილებაში. საკრებულოს წევრებმა განიხილეს ასევე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში ცვლილებები. საკითხი მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარადგინა. მან პროექტის შესახებ საკრებულოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პროექტის მიხედვით, ავარიული ბინების მესაკუთრეებს მუნიციპალიტეტი უსასყიდლოდ სთავაზობს ახალი ბინების მშენებლობას. პროექტის განხორციელებისთვის ავარიული შენობების მობინადრეთა 100% თანხმობაა საჭირო.
სერგო ბირკაძემ კომისიების წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესში ცვლილებაც გააცნო.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მიმართ გასატარებელი ხელშემწყობი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.