თბილისის საკრებულოში სამი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი 86 მილიონ 660 ათასი ლარით იზრდება, საიდანაც გარდამავალი ნაშთი 74 მილიონ 779 ათას ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ბიუჯეტი იზრდება საერთაშორისო გრანტების და დასახლებული ტერიტორიების დასუფთავების მოსაკრებლის ხარჯზე. გაიოზ თალაკვაძემ გაზრდილი ბიუჯეტის თანხების გადანაწილებაზე საკრებულოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ბიუჯეტში ცვლილების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
2022 წლის ბიუჯეტში ცვლილების გარდა, 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით, უძრავი ქონების შეძენაზე თანხმობის საკითხი წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გაცვლის ფორმით პრივატიზების, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისათვის ფინანსური მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები წარადგინა.
კომისიების წევრებმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.