თბილისის საკრებულოს სამი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე პირადი განცხადების საფუძველზე, თბილისის საკრებულოს წევრის გიორგი დოხტურიშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკითხი ცნობად მიიღეს. საკითხი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
დღევანდელ სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი წარადგინა. როგორც მან განაცხადა, კვარტალური გადანაწილებები საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდირებას, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობასა და აღდგენა-რეკონსტრუქციას, გზების მშენებლობასა და აღდგენას შეეხება.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფრომა გიგა გიგაშვილმა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება“-ის და შპს „თბილსერვის ჯგუფი“-სა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (EBRD) „პროექტის ხელშეკრულების“ გაფორმებასთან დაკავშირებით პროექტი წარადგინეს.
საკრებულოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური შეთანხმების ფარგლებში, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონების პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტების თაობაზე იმსჯელეს.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, დღევანდელ სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით რამდენიმე კომპანიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
დღევანდელ სხდომაზე იურიდიული საქალაქო სამსახურის მიერ 2020-2021 წლებში გაწეული საქმოანობის ანგარიში მოისმინეს, რომელის სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარადგინა.