თბილისის საკრებულოს სამი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე, რომელშიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მონაწილეობდა, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ ელექტრონული პირობებიანი აუქციონის პირობების შესახებ საკითხის მოსმენა გაიმართა. საკითხი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა. მან აღნიშნა, რომ აუქციონის განახლებული პირობები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მომზადდა.
როგორც ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, აუქციონის პირობებზე მუშაობისას ორი მთავარი საკითხი გაითვალისწინეს - მუნიციპალიტეტის ფინანსური სარგებელი და სისტემის გამართული მუშაობა. მისივე თქმით, წლების წინ ჩატარებული ტენდერის პირობების მიხედვით, გარე რეკლამის განთავსებისგან მუნიციპალიტეტი მინიმალურ შემოსავალს იღებდა. ახალი პირობების მიხედვით, გათვალისწინებულია სამართლიანი და მუნიციპალიტეტისთვის მომგებიანი ფინანსური მხარე. ირაკლი თავართქილაძემ დეტალურად ისაუბრა გაუმჯობესებული სატენდერო პირობების შესახებ.
კომისიების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.