16 აგვისტო 2019 თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლევან დარახველიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 18 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე, დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფროსს ნინო კვეტენაძეს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წვრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმებას და სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი. მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად დაუკანონდება.
დღესვე, თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დეპუტატებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა.