19 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება წარმოადგინა.
მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით. ასევე გათვალისწინებულია დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეულების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
დღესვე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა „ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩა N1-სა და N3-ში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული ფართების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2025 წლის 23 ოქტომბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ისაუბრა.
გიორგი კობიაშვილმა კომისიის წევრებს ასევე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების იჯარის ფორმით სარგებლობის, პირდაპირი განკარგვისა და გაცვლითი ფორმით პრივატიზების უფლების თაობაზე წარმოდგენილი საკითხები გააცნო.
მანვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „თაბორი ჰილ რეზიდენსს“ შორის გაფორმებული „პირობებით გამოცხადებული აუქციონის“ №ე-801-1-30561 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან შპს „თაბორი ჰილ რეზიდენსის“ გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
გიორგი კობიაშვილმა „ქალაქ თბილისში, რწმენის ქუჩა N30-ში მდებარე რამდენიმე საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობიდან ეტაპობრივად, შესაბამისი პროპორციით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემი, ჯამურად 1000 კვ.მ ფართის ნაწილის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიღების თაობაზე“ ისაუბრა.