თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 700,912.4 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 632,132.6 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 68,779.8 ათასი ლარით.
მანვე სხდომაზე თბილისის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა.
ამასთანავე, კომისიის წევრებს 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
გაიოზ თალაკვაძის თქმით, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და მთაწმინდის რაიონის გამგეობის მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა გლდანის დასახლებაში, I მიკრო / რაიონის კორპუს N2ბ-ში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე თბილისის ს საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ისაუბრა.
სოფიო დოღონაძემ ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე წარმოდგენილი საკითხები გააცნო.
განვითარების ფონდის წარმომადგენელმა უშანგი ენუქიძემ კი კომისიის წევრებს რ. ლაღიძის ქ. N2-სა და რ. თაბუკაშვილის ქ. N46-ში მდებარე კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.