თბილისის საკრებულოში გამართულ ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით უთმელიძე უძღვებოდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ იმსჯელეს. საკითხი, საკრებულოს წევრებს, თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
როგორც სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულოში თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, თითოეულმა კომისიამ და ფრაქციამ, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში საკუთარი შენიშვნები, წინადადებები და რეკომენდაციები დასკვნების სახით წარმოადგინეს. დავით უთმელიძემ სხდომის მონაწილეებსა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს კომისიაში შესული მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული წინადადებები და რეკომენდაციები დეტალურად გააცნო.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრების მიერ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დასკვნებში წარმოდგენილი რეკომენდაციებითა და შენიშვნებით საკრებულოს თავმჯდომარეს გადაეცემა, რომელიც, თავის მხრივ, საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, კორექტირების მიზნით, დედაქალაქის მერიას დაუბრუნებს.
თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, კანონის შესაბამისად, საკრებულოში ხელახალი განხილვისთვის 10 დეკემბრამდე დაბრუნდება.