საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე რამდენიმე საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილებების განხორცილებას დაუჭირეს მხარი და თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხა დაამტკიცეს.
დეპუტატებმა დღესვე თბილისის 2018 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების თაობაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხს, რომლის თაობაზე დეტალური ინფორმაცია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარმოადგინა, საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, დეპუტატებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე თბილისის მთავრობის განკარგულებაში წარმოდგენილ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა თბილისის მერიასა და საქართველოს იეზიდთა კავშირს, ასევე მერიასა და შპს ,,აპოლო გ-ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობების შეცვლასაც.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.