თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
კომისიის წევრებს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარმოუდგინა.
დეპუტატებმა სხდომაზე თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით კრწანისის რაიონის გამგეობისთვის მიკუთვნებული პროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილებების თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხი დადებითად შეაფასეს.