თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი კომისიის სხდომაზე თბილისი მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს ქ. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალურ გადანაწილებას, რაც ,,თბილისი-2015’’ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებულად ჩატარებისთვის არის აუცილებელი.
დეპუტატებმა ასევე თანხმობა მისცეს ქ. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით მთაწმინდის რაიონისთვის ომის ვეტერანებისთვის მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით, გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალურ გადანაწილებასა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის’’ გადაცემასაც.
ამ უკანასკნელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრები უახლოეს ბიუროს სხდომაზე მიიღებენ.