თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს.
სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალურ გადანაწილებას. ასევე ცვლილები შევიდა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესში, რომელიც საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების ბიუჯეტს ეხება.
დღესვე დეპუტატებმა მთაწმინდის რაიონის გამგეობისათვის უფასო სასადილოების კვებით მომსახურების გამარტივებული შესყიდვის უფლების მიცემის საკითხზე იმსჯელეს. თუმცა ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის გადაწყვეტილებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განხორციელდეს.