თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის შესახებ იმსჯელეს.
საკითხი საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრებს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა ლილოს თავშესაფრის საქმიანობის მიზნებზე და ამოცანებზე, ყურადღება გაამახვილა მის ფუნქციებზე და თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიუსაფარ პირთა პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლებიც მათთვის სოციალური გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს.
აღინიშნა თავშესაფრის გახსნის სავარაუდო ვადები, პარალელურად მიმდინარე სამუშაო ღონისძიებები, რომლებიც თავშესაფრის სრული აღჭურვისა და გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
გელა ჩივიაშვილმა ისაუბრა იმ ფაქტზეც, რომ თავშესაფრის დაარსებისას ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო გამოცდილებაზე. მისი თქმით, უცხოელი პარტნიორების დახმარებით, შესწავლილ იქნა უცხოეთში მოქმედი ამგვარი დაწესებულებების რამდენიმე სახე და ლილოს თავშესაფრის ფუნქციებისა და ტიპის განსაზღვრა სწორედ გამოცდილების გათვალისწინებითა და გაზიარებით მოხდა.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოსმენის შემდეგ, გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატებმა ლილოს თავშესაფართან დაკავშირებით გელა ჩივიაშვილს რიგ მიმართულებებზე წინადადებები და რეკომენდაციები წარუდგინეს.