თბილისის საკრებულოში სამი კომისიის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტოს, სარევიზიოსა და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის შესახებ ისაუბრა. დღესვე, გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ მიაწოდა.
დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებების განხილვის შემდეგ, კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს.
ირაკლი თავართქილაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის და გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები გააცნო.
2022 წლის ბიუჯეტში ცვლილების გარდა, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.