თბილისის საკრებულოს სამი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ საკრებულოს N71-134 დადგენილებაში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ” საკრებულოს №64-108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი შპს თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენელმა დავით ჩანქსელიანმა წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ მარიამ კვერნაძემ დედაქალაქში არსებული უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით და გაცვლის ფორმით პრივატიზების, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.