თბილისის საკრებულოს სამი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების შეთანხმების სამი საკითხი განიხილეს, რომლებიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა. მისი განცხადებით, ორი საკითხი, რომლებიც შპს „,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“და შპს „პილარ ჯგუფი - კრწანისის“,ასევე შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ და შპს ,,ეპიკ ისანის“ მიმართ არსებულ სამშენებლო ობიექტთან მიმართებაში ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ეხება, ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს. მესამე საკითხი კი შპს ,,ოპტიმას“ მიმართ დამატებითი/დაზუსტებული ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ეხება.
კომისიების წევრებმა მერიის სტრუქტურული ერთეულის - მუნიციპალური ინსპექციის საშტატო ნუსხის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვალის აბულაძემ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი და მასთან დაკავშირებული თანმდევი საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ სააგენტოს ბაზაზე ახალი - უძრავი ქონების მონაცვლეობის სამმართველოს შექმნის შესახებ განკარგულების პროექტი და შპს ,,ალმასა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქონების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებების განხორციელების საკითხები წარადგინა. კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის სხვადასხვა რაიონში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს.
ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.