თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, სარევიზიო და ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც ირაკლი ზარქუა უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 5 საკითხი განიხილეს.
კერძოდ, კომისიების წევრებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №6-8 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა მიაწოდა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, ცვლილებები, ძირითადად, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერის საფუძველზე ხორციელდება.
მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდისა და მოძიებული რესურსების გათვალისწინებით, ასიგნებების სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდა, მათ შორის: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებზე, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოდერნიზაციაზე, საბაგირო ტრანსპორტის განვითარებაზე, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობასა და სხვა.
დეპუტატებმა ასევე თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
დღესვე კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის ტერიტორიაზე სპორტული ობიექტების ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას თაობაზე მოისმინეს ინფორმაცია.
წარმოდგენილი პროექტით დედაქალაქის საკრებულოს მიერ შეღავათიანი განაკვეთის დადგენა ხდება.
ამათანავე, აღნიშნული დადგენილებით მოხდება სპორტული ობიექტების ზუსტი კლასიფიკატორების განსაზღვრა, რაც მომავალში მომართვიანობის ზრდას გამორიცხავს.
გარდა ამისა, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, დეპუტატებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას დაუჭირეს მხარი.
სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.