თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომისიებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს.
გაერთიანებულ სხდომას მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ.
განსახილველი საკითხები დეპუტატებს კარლო ლაფერაძემ წარუდგინა და თითოეულ მათგანზე ინფორმაცია დაწვრილებით მიაწოდა.
ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ქონების სარგებლობის უფლების გადაცემისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესების შესახებ.
მან ამავე სხდომაზე დაწვრილებით განმარტა მუნიციპალიტეტის აუქციონის ფორმით პრივატიზების წესისი დამტკიცების შესახებ დადგენილებაში შესატანი ტექნიკური ცვლილებები.
კარლო ლაფერაძემ ასევევ ისაუბრა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზაციო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ.
გარდა ამისა ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, თბილისის სახვადასხვა მისამართზე მდებარე უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმითა და პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გადაცემის საკითხები წარმოადგინა.
დეპუტატებმა კარლო ლაფერაძეს წარმოდგენილ საკითხებზე კითხვები დაუსვეს, რაზეც სააგენტოს უფროსმა ამომწურავი პასუხები გასცა.
გაერთიანებულ სხდომაზე კარლო ლაფერაძემ და ბექა მიქაუტაძემ 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში ცვლილების თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინეს.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ საკითხებს დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.