თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ,,თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N19-118 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოუდგინა.
მისი თქმით, წარმოდგენილ პროექტში, გათვალისწინებულია თბილისის მერიის ზოგიერთი საქალაქო სამსახურის, რაიონის გამგეობის და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 26 614,6 ათასი ლარით და შეადგენს 1 803 072,3 ათას ლარს.
დღესვე გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს 2023 წლის ბიუჯეტის 3 თვის შესრულების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
კომისიის სხდომაზე ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ სხდომაზე ევროპის საბჭოსა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის საგრანტო შეთანხმების გაფორმების მიზნით თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი წარმოადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ კომისიის წევრებს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების, ასევე „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ირაკლი თავართქილაძემ დღესვე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით და გაცვლის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინა.
გარდა ამისა, კომისიების წევრებმა ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
კერძოდ, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ თბილისის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს შორის საგრანტო ხელშეკრულების პროექტის თაობაზე ისაუბრა, რომელიც ატენის ქუჩასა და წყნეთში, აფხაზეთის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაციასა და ტრენაჟორების მოწყობას გულისხმობს.
დღევანდელ სხდომაზე თბილისში დაუსრულებელი მშენებლობის დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს და რამდენიმე მისამართზე მდებარე ობიექტებისთვის დაუსრულებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელეს. აღნიშნული საკითხები საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
გაერთიანებული კომისიების წევრებმა განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.