თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო- საბიჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს. თბილისის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 305 418,2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 255 115,7 ათასი ლარით გაზრდილია. გაიოზ თალაკვაძემ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე დეტალურად ისაუბრა.
დედაქალაქის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ კომისიის წევრებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები გააცნო.
მისი ინფორმაციით, შეღავათებით ისარგებლებენ ის პირები, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართები იჯარით აქვთ აღებული.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტს, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის“ შესახებ პროექტის ხელშეკრულების თაობაზეც იმსჯელეს. საკითხი დეპუტატებს დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა წარუდგინა.
ვახტანგ ლომჯარიამ კი თბილისში ზოგიერთი პირისთვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შეღავათის დადგენის თაობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნული შეღავათით, 1800-ზე მეტ ბიზნეს ობიექტს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა, რომლითაც 1 წლის მანძილზე ისარგებლებენ.
გარდა ამისა, დეპუტატებმა ასევე თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და დედაქალაქის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს.
გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ საკითხებზე დეპუტეტები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.