თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვის შესახებ წარმოდგენილი პროექტი განიხილეს და აღნიშნული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისთვის კონკრეტული საფასურის დაწესებას დაუჭირეს მხარი.
დღესვე კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ საფინანსო საქალაქო სამსახურის წერილი განიხილეს.
კერძოდ, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დეპუტატებს რაიონული გამგეობების და ზოგიერთი საქალაქო სამსახურისთვის მიკუთვნებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში კვარტალური ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შარტავას ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით იბა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ და სს ,,ნიუ დეველოპმენტის“ მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
ხელშემწყობი ღონისძიებების თანახმად, ხდება K2 კოეფიციენტის ცვლილება, კერძოდ, ზრდა. ცვლილება ასევე გამწვანების კოეფიციენტსაც შეეხო.
ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, წარმოდგენილი პროექტები საკმაოდ მოცულობითია და დაზარალებულთა ბინებით დაკმაყოფილებას გულისხმობს.
სხდომის დასასრულს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც დეპუტატებს დედაქალაქში სხვა და სხვა მისამართზე მდებარე უძრავი ქონების გაცვლისა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე წარმოდგენილი საკითხები გააცნეს.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.