საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიში წარუდგინა.
კომისიის წევრებმა 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ოპერირებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის თაობაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების პროექტის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას დაუჭირეს მხარი.
როგორც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ აღნიშნა, ინვესტორი, რომლის შერჩევის დროს უპირატესობა მეტი საბანკო გარანტიის მქონე კომპანიას მიენიჭება, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილებისთვის, მინიმუმ, 180- ადგილიან საპარკინგე ინფრასტრუქტურას მოაწყობს.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების თაობაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
კომისიის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს ,,სითი ბოქსს’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში განსახორციელებელ ტექნიკურ ცვლილებებსაც.
მათივე თანხმობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა შეიცვალა სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს ,,ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტს შორის.
სხდომას კომისიების წევრებთან ერთად თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.