თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
კომისიების წევრებმა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით პროგრამებისთვის/ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალურ გადანაწილებას დაუჭირეს მხარი, რომლის თაობაზეც ინფორმაცია თბილისის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
სხდომაზე ასევე დადებითად შეფასდა საკითხი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით ,,რიყე-ნარიყალა’’ და საბაგირო გზით ,,ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა’’ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების განხორციელების შესახებ.
კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით აღნიშნული ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით ნაცვლად 1 ლარისა, 2 ლარით განისაზღვრება.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, ასევე ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
სხდომას კომისიების წევრებთან ერთად თბილისის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძე, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა, ასევე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი მალხაზ ჭამპურიძე და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ მათიაშვილი ესწრებოდნენ.