თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ჯაბა სამუშიამ წარმოუდგინა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გაიოზ თალაკვაძის დანიშვნის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
დღესვე, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მერიასა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის თბილისის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით, პროექტის განსახორციელებლად, სესხის აღებისა და ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გასაფორმებელი თანხის გადაცემის ფარგლებში გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხი განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის მერიასა და შპს ,,ლოჯიკ გრუპს’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილება განიხილეს, რომლის თანახმად, დარჩენილი ინვესტიციის განხორციელების ვადა 2017 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ასევე დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გაცემას, სარგებლობის უფლებით და გაცვლის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, დეპუტატები ყველა წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
სხდომას კომისიების წევრებთან ერთად მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა, მერის წარმომადგენელი საკრებულოში გოგა მამფორია და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე ესწრებოდნენ.