თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ხელმძღვანელობდა.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დეპუტატებმა დადებითი შეფასება მისცეს მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის მიერ წარმოდგენილ საკითხს, რომელიც 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანას გულისხმობს.
ცვლილების მიხედვით, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის ზონაში ქირით ცხოვრობდნენ დამატებით გამოიყოფა თანხები.
საკრებულოს წევრებმა დღესვე გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დიმიტრი ორმოცაძის, ხოლო მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ გვანცელაძის დანიშვნის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზეც იმსჯელეს.
კანდიდატების მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც დეპუტატებმა საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვისთვის დადებითი შეფასება მისცეს.
კომისიების წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს.
საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი სხდომაზე მერიის ჯანდაცისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას დედაქალაქის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.