დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში შეხევდრა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა თბილისში კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საკითხის დარეგულირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე იმსჯელეს.
შეხვედრას, რომელსაც საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია თბილისის მერის მოადგილესთან ნატო ქიტიაშვილთან ერთად უძღვებოდა, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი სოფო გიგანი და კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრები ესწრებოდნენ.
კარლო ლაფერაძემ შეხევდრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნული მიმართულებით ამ დრომდე განხორციელებულ და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, ასევე სტატისტიკასა და აღნიშნულის საფუძველზე გაკეთებულ ანალიზზე ინფორმაცია მიაწოდა.
მანვე დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის განკარგულება გააცნო, რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით, დედაქალაქში სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი ვალდებულებულების საკითხის მოგვარება თბილისის მუნიციპალიტეტს ეთხოვა.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საკრებულოს წევრებმა საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები წარმოადგინეს, კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები დასახეს.