თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ მიაწოდეს. კვარტალური გადანაწილება უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების შეძენის პროგრამას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება.
გარდა აღნიშნული საკითხისა, კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის 3 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ შემოსავლების და გადასახადების ნაწილში ბიუჯეტის შესრულების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.