22 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი განიხილეს. კომისიების გაერთიანებულ სხდომას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდნენ.
სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 2 მილიარდ 193 მილიონ 388 ათას 700 ლარით, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 983 178,0 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 210 მილიონ 210 ათას 700 ლარით, ხოლო 2026 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (2 082 482,2 ათასი ლარი) შედარებით გაზრდილია 110 მილიონ 906 ათას 500 ლარით. გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის ზრდა გამოწვეულია საკუთარი შემოსულობების დაზუსტების, საქართველოს პარლამენტში „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის" მესამე წარდგენის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიმდინარე წლის 1 დეკემბერს მიღებული წერილის გათვალისწინებით. გაზრდილი ფინანსური რესურსის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით ასიგნებები მიიმართება შემდეგ პრიორიტეტებზე:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და განვითარება; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ გაიოზ თალაკვაძემ საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა. თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ლევან არველაძემ.
განხილვის შემდეგ, საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.