თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს ნინო კვენეტაძეს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ქონების მართვისა საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემასა და შესაბამის განკარგულებებში ცვლილებების განხორცილებას დაუჭირეს მხარი.
მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, რამდენიმე ათეულ ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად დაუკანონდება.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, დედაქალაქის საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აღნაგობის პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან შპს „კასს პარკინგი“ გათავისუფლდება.
დღესვე დეპუტატებმა ამხანაგობა ,,კრწანისი21’’-ს მიმართ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს. კერძოდ კი, მათ მიერ აგებული შენობის ნაწილის იპოთეკისგან გათავისუფლებას მხარი იმ პირობით დაუჭირეს, რომ აღნიშნული ქონების განკარგვიდან შემოსული თანხები ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისკენ იქნება მიმართული.