თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები ირაკლი ხელაძე და ლევან არველაძე უძღვებოდნენ.
ორი კომისიის წევრებს დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის მოცულობა სულ 1 017,5 ათასი ლარით იზრდება და ის 1 395 751,0 ათას ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება გზების მშენებლობა-აღდგენაზე, კეთილმოწყობის ღონისძიებებზე, დანგრეული სახლების მცხოვრებთა საკომპენსაციო თანხებზე, ასევე იზრდება მერიის სარეზერვო ფონდი და ბიუჯეტში ემატება ახალი ქვეპროგრამა - მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა.
2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების გარდა, ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინეს.
კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.