თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომის დასაწყისში დეპუტატებმა თორნიკე ბიკაშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე იმსჯელეს, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ სიით ლევან ხაბეიშვილის ნაცვლად შედის.
გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის 2021 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს.
როგორც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებებით თბილისის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით არაფინანსური აქტივების (მიწის) გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების საფუძველზე იზრდება.
დღესვე გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებებს რაიონული გამგეობები შესრულებული სამუშაოების დაფინანსების მიზნით, მათივე საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე ითხოვენ.
სხდომაზე ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.
წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით საბაგირო გზით ,,უნივერსიტეტი-ბაგები’’ მგზავრთა ერთი მიმართულებით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფის 0,5 ლარამდე შემცირებით.
ცვლილება ასევე განხორციელდა ავტობუსებით და მეტროთი რეგულარული სამგაზვრო გადაყვანისას, აგრეთვე საბაგირო გზით - ,,რიყე-ნარიყალა’’, ,,ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა’’ და ,,უნივერსიტეტი-ბაგები’’ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფის ფასდაკლების სისტემის შესახებ დადგენილების პროექტშიც.
დღესვე ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოუსმინეს და თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების გაცვლისა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას მხარი დაუჭირეს.
ირაკლი თავართქილაძის ინფორმაციით, ცვლილება შევიდა რამდენიმე კომპანიასა და ქონების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებშიც.
სხდომის დასასრულს, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დეპუტატებს დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას კომისიის წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.