თბილისის საკრებულოში ორი კომისიის: ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით უძრავი ქონების პრივატიზების თაობაზე ინტერესთა გამოხატვის პირობებზე იმსჯელეს და საკითხს მხარი დაუჭირეს.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით“ ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმება დადებითად შეფასდა.
დეპუტატებმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას კომერციულ ბანკში საკრედიტო ხაზის გახსნის გაფორმებაზე თანხმობა მისცეს.
კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა კაპიტალური ინვესტიციების განხორციელების მიზნით, კომერციულ ბანკში 62 მილიონ 800 ათასი ლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის გახსნას შეძლებს.
დღესვე კომისიის წევრებს მერიის საფინანასო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტლაური გადანაწილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სხდომაზე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს ნინო კვენეტაძეს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, ქონების მართვისა საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და გაცვლის ფორმით პრივატიზებას, ასევე სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.