თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
მსჯელობის შედეგად დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად თეიმურაზ ბარკალაიას დანიშვნა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესში ტექნიკური ხასიათის ცვლილების შეტანა.
დღესვე დეპუტატების გადაწყვეტილებით, საკრებულოს განკარგულების პროექტში შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ კაპიტალის შემცირებასთან დაკავშირებით მოხდა კორექტირება, ასევე ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა წესში, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დამტკიცებას ითვალისწინებს.
კომისიის სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.