თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები ირაკლი ხელაძე და ლევან არველაძე უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2023 წლის 1 იანვრისთვის დედაქალაქის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების (137 794,2 ათასი ლარი) გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 142 794,2 ათასი ლარით და შეადგენს 1 774 926,8 ათას ლარს. წარმოდგენილ პროექტში ასევე გათვალისწინებულია თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
ორი კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფროსს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს, რომელმა „თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ თბილისის მთავრობის განკარგულება წარადგინა. დღესვე ირაკლი თავართქილაძემ ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები გააცნო.
სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დეტალები წარადგინა.
ორი კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.