თბილისის საკრებულოში ორი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ახლადარჩეული თავმჯდომარე დავით უთმელიძე უძღვებოდნენ.
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ ცვლილებები წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ კომისიების წევრებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში მდებარე მიწის ნაკვეთების და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა თბილისის საკრებულოს ფრაქციებისთვის 2021 წელს შრომითი ხელშეკრულებით ასაყვან პირთა სახელფასო ლიმიტის შესახებ დადგენილების პროექტი გააცნო კომისიის წევრებს.
ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს წევრებს „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე განკარგულების პროექტი წარუდგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა საკრებულოს წევრებად მიხეილ მესხის და ბორია ფირცხელიანის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირეს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ კომისიების სხდომაზე თბილისის საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით-ავტობუსებით და მეტროთი სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა.
კომისიების წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.