თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები ირაკლი ხელაძე და ლევან არველაძე უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა განისაზღვრა 1 493,203.1 ათასი ლარით, ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 1 526,019.2 ათასი ლარი, ანუ გეგმის 102.2%. თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული შემოსავლების გეგმა 1 388,103.1 ათასი ლარი, ფაქტობრივად 1 412,235.6 ათასი ლარით შესრულდა, რამაც გეგმის 101.7% და მთლიანი - შემოსულობების 92.5% შეადგინა.
ორი კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფროსს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს, რომელმაც ორი კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები გააცნო.
დღესვე, კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში ცვლილების პროექტს და თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს.
ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.