თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები ირაკლი ხელაძე და ლევან არველაძე უძღვებოდნენ.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.
გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა, საკრებულოს ნებართვის მისაღებად, კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის პროექტის „მდგრადი ურბანული მობილობა საქართველოში” გასაფორმებელი ხელშეკრულება წარადგინა. პროექტი თბილისში გონიერი სატრანსპორტო სისტემის (ITS), მდგრადი სატრანსპორტო და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერის მიღებას ითვალისწინებს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 767 კვ.მ. და 450 კვ.მ. მიწის ნაკვეთების და თბილისში, ოქროყანას დასახლებაში არსებული 434 კვ.მ. მიწის ნაკვეთის „მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შესახებ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის N2ბ/348-22 განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის ნაწილობრივ აღსრულების მიზნით პრივატიზების თაობაზე საკითხი წარადგინა. მანვე, დიდი დიღმის დასახლება, III და IV მიკრორაიონებს შორის რეგისტრირებული 19000 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთის ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული შპს „არომასთვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების საკითხი გააცნო საკრებულოს წევრებს.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები განიხილეს.