თბილისის საკრებულოს ოთხი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანთა უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილეს.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ბიუჯეტი 1 350,0 ათასი ლარით იზრდება და მისი მოცულობა 1 228 326,9 ათას ლარს შეადგენს. გაიოზ თალაკვაძემ დეტალურად ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელზეც გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში, ასევე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. საკითხი სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ წარადგინა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთის გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, რომლებიც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინა. დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას მხარი დაუჭირეს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიების წევრებს დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით რამდენიმე კომპანიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები გააცნო.
საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გატანას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.