თბილისის საკრებულოს ოთხი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
გაერთიანებულ სხდომაზე საკრებულოს წევრებად ცოტნე კობერიძის და ვახტანგ სურგულაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
ოთხი კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებას მხარი დაუჭირეს. საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, რომლის შესახებაც გაიოზ თალაკვაძემ საკრებულოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
აღნიშნული საკითხების გარდა, გაერთიანებულ სხდომაზე, თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-90 დადგენილებაში ცვლილებაზე იმსჯელეს. საკითხი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნინო მაღრაძემ გააცნო.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ კი თბილისში, რამდენიმე მისამართზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთების ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი წარადგინა.
კომისიების წევრებმა თბილისში, ვარკეთილში, არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით შპს ,,ვი.ვი.ენ კომპანის“ მიმართ რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების შესახებაც იმსჯელეს, რომელიც საკრებულოს წევრებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გააცნო.
დღევანდელ სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს ოთარ ჩიტაძესაც მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები წარადგინა.
გარდა ამისა, დეპუტატებმა დღესვე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი, კომისიების წინაშე მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარადგინა.
კომისიების წევრებმა აღნიშნულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.