თბილისის საკრებულოს ოთხი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტი, სარევიზიო და ეკონომიკური გნვითარების საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების სხდომაზე - ვაკის, დიდუბის, გლდანის და კრწანისის რაიონების გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის, დიდუბის რაიონის გამგებლად ლევან ჯღარკავას, გლდანის რაიონის გამგებლად ლევან ნაროუშვილის, ხოლო კრწანისის რაიონის გამგებლად ბექა მიქაუტაძის კანდიდატურები მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარადგინა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. როგორც მან განაცხადა, დედაქალაქის ბიუჯეტი 55 მილიონი ლარით იზრდება და მთავარი ფინანსური დოკუმენტის საერთო მოცულობა მილიარდ 105 მილიონ 410 ათასი ლარით განისაზღვრა. გაიოზ თალაკვაძემ ის ძირითადი მიმართულებები გააცნო კომისიების წევრებს, რომლებზეც დამატებული თანხა გადანაწილდება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე განკარგულების პროექტი, ასევე საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზოგიერთი პირის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა. მან ასევე, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და შპს „ალმას“შორის 2019 წლის 6 თებერვლის „შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემისა და ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილები გააცნო საკრებულოს წევრებს.
ოთხი კომისიის სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, რამდენიმე კომპანიის მიმართ ხელშემწყობი ღინისძიებების გამოყენების შეთანხმების საკითხები წარადგინა.