თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს.
როგორც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 1 021 400,6 ათასი ლარის, ხოლო ნაშთის ცვლილება კი 217 580,0 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.
მისივე ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია თბილისის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობის და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც მიმდინარე პერიოდში ჩატარებული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებისა და სხვადასხვა პროგრამებში ღონისძიებების ღირებულების დაზუსტებით გამოთავისუფლებული რესურსების ხარჯზე ხორციელდება.
მოძიებული რესურსების საფუძველზე იზრდება პროგრამის/ქვეპროგრამის ასიგნებები, მათ შორის: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, კეთილმოწყობის, დასუფთავების, ასევე სხვა სოციალური დახმარებების ღონისძიებები. გარდა ამისა, დაემატა ახალი ქვეპროგრამა - სოციალური მზრუნველობის სააგენტოს ხელშეწყობა.
დღესვე გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს გამგეობების და ზოგიერთი საქალაქო სამსახურისთვის მიკუთვნებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში კვარტალური ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, ქონების მართვისა საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.