თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თაობაზე ინფორმაცია კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა მიაწოდა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტი წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 1 მილიარდ 20 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2019 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 92 368.5 ათასი ლარით მეტია.
მანვე ყურადღება ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე გაამახვილა და ამასთანავე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ასევე კულტურისა და სპორტის მიმართულებებით დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დღესვე სხდომაზე დეპუტატებმა კომისიების მიერ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
გარდა ამისა, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში წარმოდგენილ ცვლილებები განიხილეს და თბილისში სხვადასხვა რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.