თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს, რომლებიც თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამების და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებაზე თანხმობის მიცემას გულისხმობდა.
საკითხები სხდომაზე მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს.
მსჯელობის შედეგად კომისიის წევრების უმრავლესობამ დადებითი რეკომენდაცია ისეთ საკითხებს მისცეს, როგორიცაა მთაწმინდის რაიონის გამგეობისათვის, რაიონში მცხოვრები, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 2600 მოქალაქისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვების ორგანიზებისათვის გამარტივებული შესყიდვა, 2014 წელს შესრულებული და გაუნაღდებელი სამუშაოების დავალიანების დაფარვისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან დაფარვა და ქ. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილება.
საკრებულოს წევრებმა ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის განვითარების ფონდის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს, ქ. თბილისში ქვემო ალეექსეევკის დასახლებაში შ.პ.ს ინტერპლასტის მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამიჯვნისა და ამ გამიჯვნის შედეგად მიღებული (15 378კვ/მ) სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემისა და გუდაურის ადმინისტრაციის საზღვრებში არსებული ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრირებული ყველა უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხსაც.
ბიუროს სხდომაზე გასატანად კომისიამ ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცა საკითხს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებაც.