თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების გაცვლის და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემისა და უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის საკითხები გააცნო.
დღესვე, ირაკლი თავართქილაძემ დეპუტატებს - ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „ენსი დეველოპმენტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან შპს „დეკა დეველოპმენტის“ გათავისუფლების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მანვე კომისიის სხდომაზე ქონების მართვის სააგენტოსა და ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გათავისუფლების საკითხი წარმოადგინა.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.