თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლის თაობაზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ მიაწოდა, საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
კომისიების წევრებმა დღესვე თბილისის 2018 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების თაობაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციისთვის, ასევე ინტეგრირებული ავტომატიზირებული მგზავრობის საფასურის შეგროვების სისტემის შესამუშავებლად გასაფორმებელი გრანტის ხელშეკრულების თაობაზე მიეცა თანხმობა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ასევე თბილისის მთავრობასა და შპს „გუდაური სქი რესორტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს და დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან შპს „გუდაური სქი რესორტის“ გათავისუფლებას დაუჭირეს მხარი.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.