თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი შეაჯამეს.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა კომისიებიდან შემოსული წინადადებები და რეკომენდაციები განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი პროგრამული ბიუჯეტის ფორმატშია წარმოდგენილი და მისი ძირითადი უპირატესობა დაგეგმვის პროცესშივე შედეგზე ორიენტირებულობაა.
დეპუტატის ინფორმაციით, წარმოდგენილ პროექტში ნათლად არის განსაზღვრული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კონკრეტულ ღონისძიებაში ჩადებულ რესურსსა და მოსალოდნელ შედეგს შორის, რაც საბიუჯეტო რესურსის ეფექტიანად გამოყენების პერსპექტივაზე მიუთითებს.
ჯაბა სამუშიამ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ახალ პროგრამებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"წარმოდგენილი ბიუჯეტი სოციალურ საკითხებზეა ორიენტირებული და საკრებულოს წინადადებებს შეძლებისდაგავარად შეიცავს’’,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ და აღნიშნა, რომ 2015 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებია ასახული.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა’’ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტს, რომელიც დედაქალაქის მაცხოვრებლების პრობლემებს ვერ მოაგვარებს და რომელშიც ძირითადი სოციალური მიმართულები არ არის განსაზღვრული, მხარს ვერ დაუჭერს.
2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე დედაქალაქის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი თბილისელების მოთხოვნების შესაბამისადაა დაგეგმილი და რომ მასში ყველა აუცილებელი პრიორიტეტია გათვალისწინებული.
ქონების მართვისა და საფინანსო-საიუჯეტო კომისიის წევრების უმრავლესობამ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი დადებითად შეაფასა და მისი საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნია.