25 ივლისი 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება წარმოადგინა.
წარმოდგენილი ცვლილებებით, დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა 77 111,4 ათასი ლარით იზრდება და ჯამში 2 348 609,0 ათას ლარს შეადგენს.
დღესვე, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ კომისიის წევრებს ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების და ნაშთის ცვლილების შესახებ გააცნო.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ კომისიის სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, უსასყიდლო უზურფრუქტისა და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების და თხოვების ფორმით სარგებლობის უფლების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ საკრებულოს წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.