თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ მიაწოდა.
სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა კომისიების წევრებს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსების მარშრუტების თაობაზე საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში წარმოდგენილი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.
დეპუტატებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტის შესახებ იმსჯელეს.
ამასთანავე, სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ პროექტიც განიხილეს.
გარდა ამისა, სხდომაზე სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ ინფორმაციაც მოისმინეს.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს და თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, ასევე სარგებლობის უფლებით იჯარის და უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემას მხარი დაუჭირეს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში, რკინიგზის სამედიცინო სამსახურის მიმდებარედ მიწის ნაკვეთებზე შპს „აევ“-ისთვის გადაცემული სარგებლობის უფლების ქირის შეცვლისა და დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან შპს „აევ“-ის გათავისუფლების თაობაზე იმსჯელეს და საკითხს მხარი დაუჭირეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.