თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
როგორც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით იზრდება და თანხები მეწყერსაშიში ზონების გამაგრებაში დაიხარჯება.
კომისიის წევრებმა სხდომაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ საკრებულოს №28-99 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას დაუჭირეს მხარი და თბილისის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი დაამტკიცეს.
დღესვე კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცეს და ამასთანავე, თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, რამდენიმე ათეულ ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად დაუკანონდა.
სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.