თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა კომისიების წევრებს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსების მარშრუტების თაობაზე საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში წარმოდგენილი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების, ასევე ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესებში განსახორციელებელ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
გარდა ამისა, სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ კომისიის წევრებს 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, რაიონული გამგეობების მიერ წარმოდგენილი გადანაწილებები გზების მოვლა-შეკეთების, ასევე ქალაქის განვითარების სამუშაოებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის პროექტებს უკავშირდება.
დღესვე კომისიის წევრებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზებისა და შესაბამის დადგენილებებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, რამდენიმე ათეულ ოჯახს საცხოვრებელი ფართი კერძო საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაეცემა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.